“გურიის თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ თემურ სალუქვაძემ მორიგი პრესკონფერენცია 27 მარტს გამართა. პარტია ხელისუფლებისგან მოითხოვს, ყველა ღონე იხმარონ, რათა მაქსიმალური დახმარება გაუწიონ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებისთვის.
_ მკაცრმა ზამთარმა და სიდუხჭირემ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა მოსახლეობა. მოახლოვდა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების პერიოდი, ხოლო გლეხებს ელემენტარული საშუალებაც კი არ გააჩნია საამისოდ. ნორმალური ხელისუფლება ვალდებულია, ასეთ ვითარებაში გამოძებნოს დამატებით რესურსები, რათა დაეხმაროს უაღრესად სიდუხჭირეში მყოფ გლეხებს, _ თქვა თემურ სალუქვაძემ.
მისივე თქმით, თუ არსებული ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მხოლოდ 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგებით შემოიფარგლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარებას არ აპირებს, მაშინ მორიგ პიარაქციასთან გვაქვს საქმე: _ ვაუჩერის ოდენობა ვერ უზრუნველყოფს, მინიმალურადაც კი დააკმაყოფილოს ჩასატარებელი საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ აქციას, რასაც ნაციონალური მოძრაობა რეკლამირებას უკეთებს, შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება, _ თქვა სალუქვაძემ.