თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას, ქვეყანაში სამართლის რეაბილიტაციის უვადოდ გადადებას ადარებს და აცხადებს, რომ ასეთი სამართლის პირობებში ევროპისკენ ლტოლვა ფარსად აღიქმება.
"რამოდენიმე დღის წინ ვუსმინე ერთად შეკრებილ მოსამართლეებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცუდი კანონების ბრალია, ეს კანონები ისევ ძალაშია და სხვებიც ასე მოიქცევიანო.
არცერთს არ უხსენებია, რა შეფასება დაიმსახურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მათმა განჩინებამ, არცერთს არ ეტყობოდა, რომ რამეს აცნობიერებდა და საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, სინდისთან და პროფესიონალიზმთან როგორ იყო თავსებადი გარედან მიღებული შეფასება.
მოლოდინი, რომ მურუსიძეს აირჩევდნენ გამართლდა. ერთი რამ მაინტერესებს – მოსამართლედ ყოფნა უზნეობას, კომფორმიზს, მედროვეობას და მდარე ხარისხის არგუმენტაციას სოფიზმის ელემენტებით თუ ნიშნავს, მაშინ სულ ტყუილია ევროპისკენ სწრაფვაც და ღრმად მორწმუნეობაც ევრაზიული სულისკვეთებით.
ეს ყველაფერი ფარსია და სიყალბე. ქვეყანაში სადაც სამართალს ისე ექცევიან, როგორც 'გამაპრავებელ'-ს, სამართალი არ არის. უსამართლობას კი ვერ გადაფარავს ვერცერთი ორდენი შვილმკვდარი დედისთვის გადაცემული სიკვდილის შემდეგ. დედას არ სჭირდება ორდენი შვილის დასაცავად. ეს ჩვენ, საქართველოში სამართალს, სჭირდებოდა რეაბილიტაცია. სამწუხაროდ უვადოდ გადავდეთ."-წერს მარინე ჩიტაშვილი.