ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის, ახალშენის და გორაბერეჟოულის მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და აქედან გამომდინარე, მძიმე სოციალური ფონია.
“ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე გასულ კვირას ამ სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მოსახლეობას, არა ერთ სხვა პრობლემასთან ერთად, აწუხებს ის, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოუმზადებელი არიან. პრაქტიკულად, გურიის მთელი რეგიონი მოუმზადებელი ხვდება საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების პერიოდს: _ ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან, რით და როგორ დააფინანსონ მიწის საგაზაფხულო სამუშაოები და როგორ შეიძინონ სასუქი და შხამ-ქიმიკატები. შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვეს ე.წ. 30-ლარიანი ვაუჩერების თაობაზეც და აღნიშნეს, რომ ეს თანხა ბიუჯეტიდან “გადაყრილი” ფულია, რადგან გლეხების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ვაუჩერს დანიშნულებისამებრ ვერ იყენებს _ ჯერ ერთი, ტრაქტორის დაქირავება და ერთი ჰექტარი მიწის მოხვნა-დამუშავება 700-800 ლარი ღირს, ხოლო 30 ლარად ნახევარი ტომარა სასუქის შეძენაა შესაძლებელი. მეორეც _ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდება მხოლოდ ივლისშია შესაძლებელი, ანუ მაშინ, როცა გლეხებს საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დამთავრებული, მიწები დათესილი და სასუქი შეტანილი უნდა ჰქონდეთ ნიადაგში. ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ _ ილუზიებში ნუ იქნებიან, ვაუჩერების დარიგებით, გლეხობის წინაშე მდგარი პრობლემები ვერ გადაწყდება, _ თქვა კალანდაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ, კალანდაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: გურიანთის, ბოხვაურის და სოფელ ოზურგეთის მცხოვრებლებს შეხვდა.
კალანდაძის თქმით, ამ სოფლებშიც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ სოფლებში.