ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში ბავშვთა საფეხბურთო გუნდი "ჩაქუხა" ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილ გუნდს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გამგეობის სპორტული განყოფილებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახალი ბურთები და სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. გამგებელი გუნდის პირველ საწვრთნელ ვარჯიშებსაც დაესწრო.
“ჩაქუხას“ მწვრთნელები ნუგზარ საბაშვილი და შოთა დუმბაძე იქნებიან. ინფორმაციისთვის, 20 საუკუნეში სოფელ შემოქმედში საფეხბურთო კლუბი "ჩაქუხა"წარმატებებით გამოდიოდა სხვადასხვა საფეხბურთო ჩემპიონატებზე.
ნუგზარ საბაშვილის თქმით, ბავშვთა ფეხბურთის აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხდება ამ პროცესის აღდგენა.
ს/კ შემოქმედის "ჩაქუხა" 1983 წელს მონაწილეობას იღებდა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ, მცირეწლოვან ფეხბურთელებს შორის ჩატარებულ XIX საერთაშორისო ფინალურ ტურნირში "ტყავის ბურთი" (ტურნირში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის 24 გუნდი);
"ჩაქუხა" 1998-99 წწ. მონაწილეობას იღებდა გ. ჩოხელის სახელობის საფეხბურთო ტურნირში 18 წლამდელ ფეხბურთელებს შორის, დასავლეთის ჯგუფში (ტურნირში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს ორი და დასავლეთ საქართველოს ერთი ჯგუფი).