საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდებს, უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების მიმართ ექს-მინისტრ მაია ფანჯიკიძის მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედოს.
"ძალიან ხისტი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი მთავრობის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაატარა, მათ პრაქტიკულად ყველანაირი შეზღუდვა დაუწესდათ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს კომიტეტშიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ჩვენ ამის თაობაზე განხილვებიც გვქონდა. ჩვენი დამოკიდებულებაც გამოვხატეთ, მაგრამ იმდენად ხისტი იყო ეს დამოკიდებულება შესაბამის კომიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედით, არ გავამწვავეთ ეს საკითხი. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, დაინტერესდეთ ამ საკითხით და თუ ჩვენთან კონსულტაციები დაგჭირდებათ, მზად ვიქნებით", – განაცხადა უმრავესობის ლიდერმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.