ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რამდენიმე სოფელი ახალ წელს სანთლის შუქზე შეხვდა.
1 იანვრის დადგომამდე ათი წუთით ადრე ჩაირთო შუქი სოფელ ძიმითში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც იმყოფებოდა და ადგილობრივების თქმით, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა:
_ უბან-უბან დადიოდა გამგებელი და ყველაფერი გააკეთა, რომ ახალ წელს შუქი გვქონოდა, _ გვითხრეს ძიმითელებმა.
ძიმითისგან განსხვავებითუშ უქოდ შეხვდა ახალ წელს ნატანების,შრომის, შემოქმედის, მთისპირის, ჭანიეთის მოსახლეობის ნაწილი.
მოსახლეობა "ენერგო პრო ჯორჯიასთან" ერთად ხელისუფლებასაც საყვედურობს და აღნიშნავენ, რომ კომპანიას პასუხი სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოსთხოვოს.
მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით დიდთოვლობის გამო წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები და დაწყვეტილია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები:
_რამდენიმე სოფელს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა, არის პრობლემური უბნები შემოქმედში, ჭანიეთში, ნატანებში, მთისპირში. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭანუყვაძემ.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრში იმედოვნებენ, რომ ხვალ საღამოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სრულად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.