“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე ოზურგეთში ახალი წლის დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის ენერგორესურსებით მომარაგებას, აბონენტებს უყენებენ საკმაოდ მკაცრ პირობებს. გადახდის ვადის გასვლის შემთხვევაში, მათ მყისიერად უწყდებათ ელექტროენერგიისა, თუ გაზის მიწოდება. ამიტომ, მოსახლეობა, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას (თუ რის ფასად უჯდებათ მათ, ის მაღალი ტარიფები, რომლებიც მათ შესაძლებლობებთან შეუსაბამოა, ეს კიდევ სხვა თემაა…), ამ შემთხვევაში ის გამოდის პირნათელი პარტნიორი (გადამხდელი).
სამაგიეროდ, არავინ აგებს პასუხს უხარისხო ენერგო რესურსების მიწოდებასა და შეფერხებებზე, მოსახლეობა კი გადასახადს იგივე ტარიფით იხდის. ამას კი ნამდვილად ვერ დაარქმევ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, რადგან მეორე მხარე, არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რაიმე სახით კომპენსაცია გაუკეთოს მოსახლეობას, მიყენებული მატერიალური, თუ მორალური ზარალისათვის.
(რა თქმა უნდა, ეს არ ეხება, მხოლოდ ერთ, რომელიმე მუნიციპალიტეტს). ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ნტერესები.
მივმართავ ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და ეს მნიშვნელოვანი საკითხი დასვას შესაბამისი უწყებების, კომპანიებისა და მარეგულირებელი კომისიის წინაშე, რათა რეალურად შედგეს სამართლიანი პარტნიორობა და საკუთარი მოვალეობების პასუხისმგებლობის ტვირთი ყველა მხარემ თანაბრად აიღოს!
ბოლოს, მინდა გამოვთქვა ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება რეალურად შეძლებს ამ საკითხის დარეგულირებას. მიუხედავად ამისა, თავს მოვალედ ვთვლი მოსახლეობის წინაშე და ვალდებული ვარ, ვთქვა სიმართლე და ჩემი პოზიცია გამოვხატო, ამ მეტად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.“ – ამბობს თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, თოვლის მოსვლის მეორე დღიდან, ფაქტიურად მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო გადამცემი სისტემა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ დროულად არავის უზრუნია და თადარიგი არ დაუჭერია მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლება, კერძოდ, შესაბამისი სამინისტრო, თავისი სამსახურებით მოუმზადებელი აღმოჩნდა ზამთრის პერიოდისათვის.
ასევე, არსებობენ სპეციალური შტაბები მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ვალდებულები არიან მოსალოდნელი სტიქიური, თუ კრიზისული სიტუაციების მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარონ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით სათანადოდ სამუშაოები არ ჩატარებულა, რის შედეგადაც ისედაც მძიმე სოციალური სიდუხჭირის პირობებში, ჩვენს მოსახლეობას, საახალწლოდ, დიდი მორალური ზიანი მიადგა.“ – თქვა თემურ სალუქვაძემ.