საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების მრევლს მოუწოდა, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეთ.
"მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისა".
არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
საგალობელი "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან", _ განაცხადა ქადაგების დროს პატრიარქმა.