დღეს, საქართველოს პარლამენტში, დანიშნულ სამთავრობო საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უნდა გამოცხადებულიყვნენ. ადეიშვილმა წინასწარვე განაცხადა, რომ მივლინებაში ყოფნის გამო, სამთავრობო საათზე მისვლას ვერ შეძლებდა, მერაბიშვილისგან კი პარლამენტმა მისვლის დასტური მიიღო. თუმცა, სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, რომ მერაბიშვილი სამთავრობო საათზე, საგანგებო მდგომარეობის გამო, არ მივიდოდა და მის მაგივრად პარლამენტში, მოადგილე ეკა ზღულაძე გამოაგზავნა.
ამ ფაქტს ოპოზიციური ფრთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის ინიციატივითაც დაინიშნა სამთავრობო საათი, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა:
_ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ აუდიტორიას, საზოგადოებას, რომლებიც გულისყურით ელოდებოდნენ დღევანდელ სამთავრობო საათს, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის გაქცევა ბრძოლის ველიდან. ამიტომ, ეს თქვენი დამონტაჟებული მონიტორები და ყველაფერი, გქონდეთ თქვენ. ჩვენ პროტესტის ნიშნად, ვტოვებთ დარბაზს! _ განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამ წუთებში პარლამენტში სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოდის.