ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამხარებას ითხოვს. უშუქობის და უგზოობის გამო შეწუხებული მოსახლეობა დახმარებას "გურია ნიუსს" სთხოვს:
_ ერთი თვით ადრე ვიცოდით მედიის საშუალებით, რომ თოვლი მოვიდოდა. საინტერესოა, პრესას არ ეცნობა ჩვენი ხელისუფლება და ტელევიზორს არ უყურებს?
შუქი ჩვენ არ გვაქვს, გზა ჩვენთან არ არის და პატრონი ჩვენ არ გვყავს. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ცენტრალურ ხელისუფლებას ხმა, რომ ჩოხატაურში ხალხი ცხოვრობს და ამ ხალხს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურელები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს:
_ ვიცით, რომ პრობლემებია, გზები გაუწმენდავია, მაგრამ ტექნიკა არ გაჩერებულა და მუშაობს. უკვე გაიწმინდა ხიდისთავის, გოგოლესუბნის გზა. ზოტიდან წამოვიდა ტრაქტორი, სამი ტრაქტორი მუშაობს ქვაბღაში. სურებში მალე დაიწყება გზის გაწმენდა. ტემპი დაბალია, რადგან თოვლია მაღალი, _ გვითხრა კუჭავამ.
რაც შეეხება ელექტროეენერგიის საკითხს, არ გამგებელმა და არც "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა არ იციან, როდის მოხდება დაზიანებული ბოძების და ხაზების აღდგენა.
ჩოხატაურში ათასზე მეტი აბონენტი გუშინს შემდეგ უშუქოდაა.