ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მცხოვრები 52 წლის აკაკი აბუსერიძე გუშინ გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა გვითხრეს, იგი დიაბეტით იყო დაავადებული და კომაში ჩავარდნილს სასწრაფომ ვერ მოუსწრო:
_ კომაში ხშირად ვარდებოდა და სასწრაფოს ვიძახებდით. გუშინ ცუდად გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზა არ იყო და მოსვლა ვერ შეძლეს, _ გვითხრეს აბუსერიძის ახლობლებმა.
გარდაცვლილის ძმის, ბუტა აბუსერიძის თქმით, მათ სახლთან მისასვლელი გზა გაწმენდილია:
_ ჩვენს სახლთან მოსასვლელი გზა გაწმენდილია. სასწრაფო ცენტრიდან წამოსულა, სადაც გზა არ იყო გაწმენდილი და ვერ მოვიდნენ დროულად ჩვენამდე, _ გვითხრა ბუტა აბუსერიძემ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩოხატაურის სამსახურის უფროსის, ზოია კუჭავას თქმით სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებისთანავე გავიდა:
_ პაციენტი როგორ იყო ვერ გეტყვით, მაგრამ სასწრაფო წუთიც არ დაყოვნებულა, დროულად გავიდნენ. შუაგანახლების ტერიტორიაზე ჩავარდა მანქანა. სამაშველოც გამოიძახეს, თუმცა ისინი სხვა ადგილზე მუშაობდნენ მგონი. აბუსერიძის სახლამდე საკმაოდ შორი გზა იყო და ფეხითაც ვერ მივიდოდნენ. როცა თოვლში ჩავარდნილი მანქანა ამოიყვანეს, ოჯახიდან დარეკეს, რომ პაციენტი გარდაიცვალა და იქ აღარ ასულან _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე თქმით სასწრაფო სამედიცინო სამსახურს სამაშველო სამსახური და პოლიცია მუდმივად ეხმარება:
_ გუშინ და გუშინ წინ ძალიან რთული იყო მუშაობა. სამაშველო სამსახურის და პოლიციის დამხარებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შევძელით, _ აღნიშნა კუჭავამ.