25 არხის საინფორმაციო სამსახური მუშაობას 11 იანვარს აღადგენს. ამასთან დაკავშრებით განცხადება არხის მფლობელმა გია სურმანიძემ გააკეთა.
"ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და თანამშრომლების ნაწილს ახალს ავიყვანთ, ნაწილი კი დაბრუნდება ძველი შემადგენლობიდან. საუბარი არ არის ხუთ ადამიანზე, რომელთაც თავიანთი რესურსი ტელევიზიაში ამოწურეს," _ განაცხადა სურმანიძემ.
საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ტელევიზიის მფლობელებმა სამსახურიდან 31 იანვარს გაუშვეს. ამის მიზეზად ის კონფლიქტი დასახელდა, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძესა და ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს შორის წარმოიშვა. თუმცა, მაია მერკვილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში კონფლიქტის მიზეზად ამ ფაქტის დასახელებას არ ეთანხმება.
"ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. სურმანიძემ ეს ფაქტი არასასურველი ჟურნალისტების მოსაშორებლად გამოიყენა და ნაცვლად იმისა, რომ უფლებამოსილება გამოეყენებინა და სიტუაცია დაერეგულირებინა, ხალხის მოშორება გადაწყვიტა", _ აღნიშნა მერკვილაძემ.
ჯერჯერობით, "ტვ 25"-ის საინფორმაციო სამსახურს დროებით ერთერთი თანამშრომელი ეკა დავითაძე უხელმძღვანელებს, უახლოეს ხანებში კი ახალი გუნდი დაკომპლექტდება.
ტელევიზიაში ასევე დაიხურა ტოქ-შოუ "დიალოგიც" რომლის რეიტინგი ბოლო ხანებში დაბალი იყო. სურმანიძის თქმით, მარტ-აპრილიდან ტელევიზია ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს, მათ შორის იქნება ტოქ-შოუც, არსებულმა კი რესურსი ამოწურა და განახლებას საჭიროებს.
ყოფილ თანამშრომელთა ნაწილი უახლოეს დღეებში "ტვ 25"-ის მფლობელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, რადგანაც თვლიან, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ.