დიდთოვლობის გამო რთული მდგომარეობაა შექმნილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სამი იანვრიდან მოყოლებული სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასთან გაუწმენდავია გზები და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ამ დრომდე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში-მამათში, აცანაში, აკეთში, მაჩხვარეთში, ორაგვეში, ლესაში,ნინოშვილსა და ჩოჩხათში. ასევე თოვლისგან იწმინდება ქალაქის ქუჩებიც.
"ტექნიკა ყველგან გასულია და მიმდინარეობს სამუშაოები. ეტაპობრივად გაიწმინდება ქალაქის ყველა ქუჩა", – განაცხადა გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ.
მიუხედავად გამგებლის მოადგილის განცხადებისა, გაუწმენდავია ქალაქის ცენტრი, სადაც გავლა ერთნაირად უჭირთ ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ქმედითუნარიანობას ითხოვენ.
„კი ამბობენ სამუსაოები მიმდინარეობსო, მაგრამ სად არის ტექნიკა, საღამო ხანია უკვე და ქალაქის ცენტრში ისეთი მდგომარეობაა, ვერ გაივლი. შუკებსა და პერიფერიულ ქუჩებზე არაფერს ვამბობთ. თქვენი თვალითაც კარგად ნახავთ, რომ ქალაქის მთავარი ქუჩები რა დღეშია, საერთოდ არაა გაწმენდილი, მაქანები ძვლივს მოძრაობენ. ნახევარი მეტრო თოვლი არ უნდა იყოს იმხელა პრობლემა, რომ ხალხს შუქი არ ქონდეს და გზა“, -ამბობენ ლანჩხუთელები.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს, გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა დაზიანებულ უბანზე მიმდინარეობს სამუშაოები და სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.