საშობაოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებზე პრემიალური ანაზღაურება გაიცა, თანხის ოდენობა ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 133 115 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თამაზ იმედაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გამგეობის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაგვამისამართა.
განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის თქმით კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მაგული კუნჭულიას განცხადების თანახმად, ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგვაწვდიდა, რაც გამგეობის კანცელარიაში ოფიციალური წერილით შევიდოდით.
სხვათა შორის, პრემიალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება სასამართლო დავა წინა მოწვევის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, ვინაიდან 2014 წელს გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობამ სამჯერ წააგო სასამართლო პროცესი, ბრძანება მაინც არ აღსრულებულა და საქმე ამ დრომდე სასამართლო განხილვაშია. მეტიც, საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ ორიოდე თვის წინ გააუქმა კიდეც საკუთარი წინამორბედის ბრძანება, რისთვისაც ცალკე სასამართლო დავა მიმდინარეობს.