თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სირიის, უკრაინის და საქართველოს მიმართ რუსეთის პოზიცია მძაფრად გააკრიტიკა. ერდოღანი რუსული მხარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „რუსეთმა ჯარი სირიაში ოფიციალური დამასკოს მიწვევით გააგზავნა“.
ამ საკითხთან დაკავშირებით ერდოღანმა ოფიციალურ მოსკოვს შემდეგი კითხვებით მიმართა: „ დავუშვათ, რომ სირიაში თქვენ მიგიწვიეს. მაშ რატომ განახორციელეთ სამხედრო შეჭრა საქართველოში?! განა იქ მიგიწვიეს?! რა გესაქმებათ საქართველოში?!
შემდგომ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციასა და სირიის კონფლიქტს შორის პარალელი გაავლო: „განა რუსეთს უკრაინაში იხმობდნენ?! რატომ შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე?! ახლა, ზუსტად იგივე სირიაში ხდება“.
ერდოღანის თქმით, ოფიციალური მოსკოვი მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არ იბრძვის. პირიქით, ის ოპოზიციურ ძალებს და ეთნიკურ თურქმენებს აყენებს დარტყმებს“ – განმარტა მან.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომლის წევრიცაა თურქეთიც, სირიაში არსებული სიტუაციის სამართლიანი დარეგულირებისკენ მიიღწვის. ამავე დროს რუსეთი ამ სცენარის განხორციელების წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved