ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება წარმოუდგენელია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობის, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის გარეშე. არადა, რეგიონებში ჟურნალისტების მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება. დღეს, 29 მარტს, ოზურგეთში, “გურია ნიუსის” ოფისთან ახლოს მდგარი ავტომანქანიდან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ჟურნალისტების დანახვისას, მინა ჩამოწია და საკმაოდ ხმამაღლა, ჟურნალისტების გასაგონად განაცხადა, რომ “სულ მალე, ყველას დედებს მო……-ს”.
შორენა ღლონტი, “გურია ნიუსის” ჟურნალისტი: _ გუშინ, ოზურგეთში ცნობილი ჟურნალისტი პოლ რიმფლი ჩამოვიდა, რომელიც გამოცემა “ევრაზიანეტისთვის” მუშაობს. პოლი, ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე დაგვიკავშირდა და დახმარება, უფრო სწორად, მეგზურობის გაწევა გვთხოვა.
ოზურგეთის ქუჩებში, ხალხთან შეხვედრის შემდგომ, რედაქციაში გვესტუმრა. რედაქციიდან გასულებს, ეზოში, შორიახლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის მანქანა დაგვხვდა. საჭესთან ვინ იჯდა, ამას ნამდვილად ვერ გავარკვევდით, რომ არა კუდ-ის მაღალჩინოსნის _ გურამ ჩანტლაძის “დახმარება” _ მან მანქანის მინა ბოლომდე ჩამოწია და საკმაოდ მაღალი ტონით თქვა: “სულ მალე, ყველას დედებს ….. მოგიტ….თ”.
ავტომანქანაში სამნი ისხდნენ _ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი; მანქანის უკანა სავარძელზე _ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის მოადგილე ბესო ქარჩავა, მძღოლის გვერდით კი _ ჩვენთვის უცნობი მამაკაცი.
ჩვენი სტუმარი, ალბათ, ნაწილობრივ მიხვდა, რომ უცენზურო სიტყვები ითქვა, მობრუნდა და მკითხა: _ ამ შავ მანქანაში ბანდიტები სხედან?
_ არა, პირიქით, ბანდიტებს რომ უნდა დასდევდნენ, ის ადამიანები, _ ვუპასუხე, _ ამბობს ჟურნალისტი.
ინციდენტს პოლ რიმფლის ერთ-ერთი რესპონდენტი, “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ლიდერი მარინა სუნგულიაც შეესწრო და არაა გამორიცხული, ჟურნალისტების გარდა, ამ მუქარის “ადრესატი” თავადაც იყოს.