გურული პოლიციელების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს
ფოთის პოლიციის თანამშრომლები განიხილავენ.
საქმეში გენინსპექცია ჯერ არ ჩართულა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრები 57 წლის ვაჟა ჯიბლაძე სუფსის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს:
_ სანადიროდ მივდიოდით, როცა პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ცემა დაუწყეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვაჟა ჯიბლაძის ძმიშვილმა, კახა ჯიბლაძემ, რომელიც ამ ფაქტის თვითმხილველია.
მისივე თქმით, ვაჟა ჯიბლაძე სასტიკად არის ნაცემი ახლა სახლში წევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული.
_ ჯიბლაძემ განცხადებით ფოთის პოლიციას მიმართა და შესაბამისად, გამოძიებას ფოთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსი" აღნიშნული საქმის დეტალებზე ვრცლად ხვალ გიამბობთ.