ლეონარდო დი კაპრიო კინო-პრემია „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა. თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს ჯილდო დრამაში განსახიერებული მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა.
დი კაპრიო ჯილდოზე ინიარიტუს ფილმ “The Revenant”-ში განსახიერებული ჰიუ გლასის როლისთვის იყო წარდგენილი. ნომინაციაზე დი კაპრიოს კონკურენტები – უილ სმიტი, ედი რედმეინი, მაიკლ ფასბენდერი და ბრაიანს კრენსტონი იყვნენ. 41 წლის მსახიობის გამარჯვებას დარბაზში მყოფი ბევრი გამოჩენილი მსახიობი ფეხზე ადგომითა და მხურვალე ოვაციით შეხვდა.
„ოქროს გლობუსი“ ამერიკის კინო-სამყაროში პრესტიჟულობით მეორე პრემიაა და მას სავსებით საფუძვლიანად „ოსკარის გენერალურ რეპეტიციას უწოდებენ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების უდიდესი ნაწილი „ოსკარის“ ტრიუმფატორიც ხდება. აქედან გამომდინარე კინო-კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლეონარდო დი კაპრიო „სანუკვარი“ „ოსკარის“ გამარჯვებულიც გახდება.