2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა დღეებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული შუქრი ჭყონიას ოჯახის გასაჭირზე, არაერთხელ თქმულა და სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად გამართული აქციაც ამის დასტურია.
აღნიშნულ აქციას რამდენიმე დღის წინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტოლების მკვიდრი, ამჯამად ჰოლანდიაში მცხოვრები, მამუკა თოდრიაც გამოეხმაურა და შუქრის დახმარების ხელი გამოუწოდა. მას როგორც კი შუქრის შესახებ შეუტყვია, მყისიერად მიუღია გადაწყვეტილება ლოგინად ჩავარდნილისთვის ორი ცალი სპეცსაწოლი გამოეგზავნა, რომელიც დისტანციური მართვის სისტემითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ ბატონ მამუკას არაერთხელ გამოუჩენია ქველმოქმედება ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის მისამართითაც.
ჭყონიების ოჯახში საწოლების ტრანსპორტირება ა(ა)იპ "ტექსერვისის" დირექტორის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ უზრუნველყო, რომლის თქმით, თავად შუქრი და უზომოდ გახარებული მისი ოჯახის წევრები გულწრფელ მადლობას უხდიან ყურადღებისთვის მამუკა თოდრიას.