საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე თავისუფალია. ჩვენი ინფორმაციით კლუბი მთავარ მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილს განიხილავს.
როგორც გვითხრეს ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და იგი "მერცხალს" რამდენიმე დღეში ჩაიბარებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს უკვე შეუთანხმეს, რომელმაც ახალ მწვრთნელს მიზნად "მერცხალისთვის" პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაუსახა.
სიორიძე აღნიშნულ ინფორმაცის უარყოფს და ამბობს, რომ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად შეარჩევს.
კლუბის დირექტორი მამუკა გოგუაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ქასრაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს:
_ საუბრები გვაქვს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენ გია გოგუას კანდიდატურასაც განვიხილავთ. ვნახოთ რა იქნება. იმ კვირის ბოლოს საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ, _ გვითხრა გოგუაძემ.
ამ დროისთვის, ოზურგეთის "მერცხალი" 11 ქულით, ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.
გათამაშებას რეგლამენტის მიხედვით ბოლო ხუთი გუნდი გამოეთიშება.
"მერცხალს" პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად წინ მეორე წრე აქვს.