გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, სამთო კურორტებზე სამართალდამცავებმა პატრულირება განახორციელონ.
"შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას პატრული დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მინისტრთა კაბინეტს განსახილველად 10 დღის ვადაში წარედგინება.
ახალი კანონით ნასვამ მოთხილამურეს სრიალის უფლება ჩამოერთმევა.
შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, რომლებიც გუდაურის სათხილამურო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება.