საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.
დახურული შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც პრემიერის პრესსამსახურში გვითხრეს, ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.
პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, შეხვედრა საქმიანი იყო:
"ვისაუბრეთ რეგიონებში ჩასატარებელ პროექტებზე. ახალგაზრდების, წყლის, გაზიფიცირების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე", _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო გია, როგორც ვიცით, პრემიერს გუბერნატორებმა სამომავლო გეგმებიც გააცნეს. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ გეგმები მაშტაბურია. უახლოეს პერიოდში მოხდება დეტალურად იმ პროექტების შერჩევა, რაც რეგიონის მცხოვრებთა პრობლემებს მაქსიმალურად გადაწყვეტს.
_ ეს უთხარით პრემიერს?
_ რას გულისხმობთ?
_ როგორც გვითხრეს, გუბერნატორებმა პრემიერს კონკრეტული წინადადებები გააცნეს, კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრეს და თქვენ რაზე ესაუბრეთ კონკრეტულად?
_ წყალზე, გაზზე ,ტურიზმზე და ა.შ. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სალუქვაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.