შს მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში ჩავიდნენ. ისინი რამდენიმე კვირის წინ მთებში დაკარგული სამი მონადირის – ლევან ჯალალოვის, ავთანდილ და დავით სამხარაძეების მშობლებსა და ნათესავებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს. შს მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს სამძებრო სამუშაოების მიმართულებით ამ დროისთვის არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და დაკარგულების გადაადგილების მარშრუტსა და სავარაუდო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მოისმინეს.
მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული მონადირეების ოჯახების წევრებს ასევე განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია დაკარგული მონადირეების დაღეტანში ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
შალვა ხუციშვილმა და მერაბ მალანიამ ახალგაზრდების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვეს და კიდევ ერთელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შს სამინისტრო მათი შვილების ძებნის ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.