სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
"მოამბის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
პროკურორის სავარაუდო მკვლელის მიერ თვითმკვლელობის და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ საუბრობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოაჩინეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აქ იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.
ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდებოდა. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანია "რუსთავი2" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.