ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, ცნობილი ქართველი მხატვრების _ ანტონ და ჯარჯი ბალანჩივაძეების ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე სულ 49 ფერწერული ტილოა წარმოდგენილი.
ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი 2016 წელს ასეთი გამოფენით იწყებს.
"მელიტონ ბალანჩივაძე, ანდრია ბალანჩივაძე, ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე, ჯარჯი ბალანჩივაძე – სწორედ ამ ხალხის შთამომავალია ანტონი. ეს არის არაჩვეულებრივი , ზღაპრული, მისტიური მხატვრობა. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია ანტონის 19 და ჯარჯი ბალანჩივაძის 30 ფერწერული ტილო" _ აღნიშნა ხელოვნებათმცოდნემ ლია ურუშაძემ.
ანტონ ბალანჩივაძის თქმით დღევანდელი გამოფენისთვის ნახატები სპეციალურად შეარჩია:
" ოზურგეთისთვის სპეციალურად შევარჩიე ნახატები. რადგან ზამთარია, ფერადი ფერები მოუხდებოდა დღევანდელ დღეს. ეს არ არის ახალი ნამუშევრები, თუმცა, გპირდებით, რომ ახალ ნამუშევრებსაც გიჩვენებთ და შესაბამისად, კიდევ გავაკეთებ გამოფენას გურიაში, "_ აღნიშნა ბალანჩივაძემ, რომელიც ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრების გამოფენაც ლუვრში მოეწყო.
გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, საზოგადოების და ხელოვანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთში ანტონ ბალანჩივაძე თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულების _ "freezlight" -ის პერფორმანსს თეატრში გამართავს.