"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. მის მეუღლე კი მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, მას შემდეგ კი, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, თავი მოიკლა.
საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ პროკურორის მკვლელობის საქმეზე "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის სახლი გუშინ გაჩხრიკეს და დაკითხვაზე დაიბარეს მისი მეუღლე. სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა კუჭავა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო.