თბილისში, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსით 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ამასთან, როგორც იმნაძე განმარტავს, ეპიდემიის საფრთხე საქართველოში არ არის.
"ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლიდან ველოდებით, თუმცა ეპიდემია მოსალოდნელი არ არის"- აცხადებს პაატა იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ავადმყოფობის პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე. ღორის გრიპის ვირუსის სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს. თუ პაციენტს რამოდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, სხეულში მტვრევა, ყელისა და თავის ტკივილი, თუ ამას დიარეა და ღებინებაც დაერთო, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
აუცილებელია ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო ნიღბების ხმარება. ხშირად უნდა განიავდეს საცხოვრებელი ოთახებიც.