"ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ჩართულმა ახალგაზრდებმა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციები გამართეს. "დეპუტატებმა" ეროვნული ნაკრების კაპიტნის All-Star-ზე მოსახვედრად საზოგადოებას ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. დაიდგა Flash Mob-ები და გაიმართა მსვლელობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წარწერებით #NBAVote Zaza Pachulia.
"მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დაკავდნენ სპორტით და მათ შორის, კალათბურთით. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ახალგაზრდებში. ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი აქციების ჩატარება არაერთ მიზანს ემსახურება. უმთავრესი მიზანი ეროვნული ნაკრების კაპიტნის All-Star-ზე მოხვედრაა, თუმცა სპორტის პოპულარიზაცია პირდაპირპროპორციულად უწყობს ხელს ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას. ჩვენი ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტ წევრს და 3000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია ხმის მიცემის პროცესში და აქტიურად გულშემატკივრობს ზაზა ფაჩულიას. მხარდასაჭერი ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რითაც საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ" – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.