ერთ-ერთი სარეკლამო გაზეთი, რომელიც ბოლო დღეებია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, მკითხველს კონკრეტული წამლის სასიკეთო თვისებებზე მოუთხრობს.
სტატიის თანახმად, „ეს წამალი აზიაში განთქმულია მამაკაცის სასქესო ჰორმონ-ტესტოსტერონის დონის ამაღლებით ბუნებრივი გზით. ეს არის საშუალება, რომელსაც მამაკაცები და ქალბატონები უძველესი დრიდან იყენებდნენ სასქესო და რეპროდუქციულ ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად“.
„აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღძრავს სურვილს, ამყარებს ერექციას, ზრდის გამძლეობას და შრომისუნარიანობას, აქტიური სქესობრივი ცხოვრება, ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს, აძლიერებს იმუნიტეტს“ _ ვკითხულობთ სტატიაში.
იქვე განმარტებულია, რომ წამალი რეკომენდირებულია: ერექციის დისფუნქციისას, ორგაზმის და ერექციის გასაძლიერებლად, სქესობრივი ლტოლვისა და აგზნების გასაძლიერებლად და ა.შ.
სტატიას გაზეთის ნახევარი გვერდი აქვს დათმობილი. მეოთხედი გვერდი მომხმარებელთა გამოხმაურებაა, ხოლო დანარჩენ ადგილზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას, თუ სად გაიმართება წამლის გამოფენა-გაყიდვა და მიიღოთ „დაწვრილებითი კონსულტაცია მისი გამოყენების შესახებ“.
თუ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაცის დავეყრდნობით, წამლის პრეზენტაცია 21 იანვარს წნორში, #1 საჯარო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს_ 10-დან 11 საათამდე გაიმართება.
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ განათლების სამინისტროში:
“ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ წნორის საჯარო სკოლაში და არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო სკოლასთან ახლოს არის კიდევ ერთი ობიექტი და ალბათ იქ ტარდება“, – გვითხრეს სამინისტროში.