ოზურგეთში ძველი აბანოების ნაშთების აღმოჩენის ფაქტს გურიის “თავისუფალმა დემოკრატებმა” პრესკონფერენცია მიუძღვნეს.
_ ვულოცავთ საზოგადოებას გამარჯვებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, დაემალა ჩვენს მუნიციპალიტეტში ისტორიული ძეგლის აღმოჩენის ფაქტი, იძულებულნი გახდა, გადაედგა სწორი ნაბიჯები, _ თქვა ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს და “თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტებს:
_ მათ, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მოახერხეს და სააშკარაოზე გამოიტანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალები. რომ არა მათი ძალისხმევა და პრინციპული პოზიცია, ხელისუფლება მზად იყო, ბულდოზერებით მიეყარა მიწა ისტორიული ძეგლების ნაშთებზე.
თავიდან, კომენტარების მიცემაზეც კი თავს იკავებდნენ შესაბამისი სამსახურები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილის დათვალიერებაც პრობლემა იყო, მაგრამ ერთობლივ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი და გუშინდელი დღე ზუსტად ამის დამადასტურებელია, _ თქვა სალუქვაძემ.
თემურ სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესში ერთი საშიშროებაა: _ ეს არ გახდეს ამ ხელისუფლებისთვის ჩვეული ერთჯერადი პიარ-აქცია. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჟურნალისტებს, ყველა პოლიტიკურ ძალასა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, საზოგადოებას _ დიდი ყურადღებით მიადევნონ თვალი ამ მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს, _ თქვა სალუქვაძემ.