საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. ამის შესახებ თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა.
სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის საკითხზე მსჯელობის მიზნით გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ლილუაშვილი, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.
"დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას. განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული", _განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ამავე თემაზე:
საცობების მოუგვარებელი პრობლემა თბილისში – რას სთავაზობენ მერიას