საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს პარლამენტის ინიციატივას ჟურნალისტთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შემოღების თაობაზე
საქართველოს პარლამენტში დეპუტატმა რატი მაისურაძემ წარადგინა პროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე”, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტების დაჯარიმებას 1500 ლარით, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოახდენენ “ბრალდებული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო ან ვიდეო გამოსახულების გაშუქებას”.
აღნიშნული ინიციატივა დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევე, ადამიანის პატივსა და ღირსებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მითითებული არგუმენტებით ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას. ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელება არის მედიის თვითრეგულირების საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს ხელისუფლების რეგულირების სფეროში. მსგავსი მექანიზმი, შესაძლოა, გადაიქცეს ჟურნალისტების შეზღუდვის “კანონიერ” და “ეფექტურ” შესაძლებლობად.
დემოკრატიული ქვეყნების ეთიკის კოდექსები არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსების აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას გაშუქებისას იღებს ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული სინდისის შესაბამისად.
პირადი ცხოვრებისა და უდანაშუალობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი სასამართლო წესით უნდა განიხილებოდეს, რადგან ეს ინდივიდუალური ზიანის საკითხია და კონკრეტულმა საჯარო მოხელეებმა არ უნდა გადაწყვიტონ, დაირღვა თუ არა რომელიმე კონკრეტული პირის პირადი ცხოვრება, ასევე, ისარგებლებს თუ არა იდენტიფიცირებული პირი პასუხის უფლებით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინიციატივა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.