ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაბა ურეკში იმყოფებოდნენ. ურეკის დეპუტატი ბიძინა იმნაიშვილი ურეკის კულტურის სახლში ამომრჩევლების წინაშე წინა წელს შესრულებული ვალდებულებებით, გაწეული საქმიანობის ანალიზითა და სამომავლო ხედვებით წარსდგა.
შეხვედრაზე ძალიან ცოტა ამომრჩეველი იმყოფებოდა, სამაგიეროდ კულტურის სახლის დარბაზში დეპუტატის სიტყვის გამოსვლას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითქმის მთლიანი შემადგენლობა და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ურეკის მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფების წინაშე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, სოციალური საკითხების , პლაჟის დასუფთავებისა და ამბულატორიის შენობის შეკეთების საკითხები დააყენეს. მათ შეკითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ უპასუხა.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა ურეკელი ამომრჩეველი შეხვედრას, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა: " არ მოინდომეს აქ მოსვლაო."
ნონა ქარცივაძე: "ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ამბულატორია, ჩავარდნილია იატაკი, ელექტროენერგიის საკითხი მოსაგვარებელია და ამ მხრივ პრობლემებია".
ხატია სარჯველაძე, სანატორიუმი კოლხიდას წარმომადგენელი: "პრობლემები გვექმნება ურეკის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო. თქვენ დაგვპირდით, რომ წელს ურეკში ეს პრობლემები აღარ იქნებოდა. ტექნიკა რომელიც შეიძინეთ პლაჟის დასუფთავებისთვის, ჯერ არ გამოუყენებიათ. ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენი სასტუმროს წინ პლაჟს. ტურისტები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დადიან და ათვალიერებენ სასტუმროს, ურეკს, ხედავენ დაუსუფთავებელ პლაჟს და ეს ცუდად აისახება ყველაფერზე. ეს არის ძალიან დიდი ანტირეკლამა. გუშინ მოსკოვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან გვყავდა სტუმრები, მათ გაისეირნეს ურეკში, დაათვალიერეს დაუსუფთავებელი სანაპირო. აუცილებელია, რომ შტორმის შემდეგ დასუფთავდეს პლაჟის მთლიანი ზოლი. არის კიდევ ერთი პრობლემა , მოაგვარეთ მოუწესრიგებელი გზებისა და ელექტრონერგიის საკითხიც."
ელიკო ბოლქვაძე: "მე მრავალსართულიან კორპუსში ვცხოვრობ , მინდა მუნიციპალიტეტის გამგებელს შევახსენო "ქართული ოცნების" დანაპირები, რომ ბავშვებისთვის სტადიონს გააკეთებდა. არაერთხელ მოგმართეთ განცხადებით ამის შესახებ და თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება."
"ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ყოველთვის ახლავს ასეთი პრობლემები. ურეკში საერთოდ არ არსებობდა კომუნიკაციები, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. მოუწესრიგებელი გზების პრობლემა ისევ იქნება 2016 წლის ბოლომდე, შესაძლოა 2017 წელსაც. ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისას, გაგებით მოეკიდეთ იმას, რომ შეიძლება მსგავსი ტიპის პრობლემები იყოს. ვერ ხერხდება გზის საფარის მოწყობა მანამ, სანამ არ დამთავრდება ყველა კომუნიკაცია: – წყალი, გაზი. გზა. უბრალოდ მოხდა გზების ორმულად შეკეთება. ამიტომ უნდა შევეგუოთ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას მასშტაბური პროექტის დასრულებამდე" _განაცხადა ჭანუყვაძემ. მისივე თქმით, პლაჟის ზოლის დასუფთავება მთელი ზაფხულის განმავლობაში ხდებოდა.
"რაც შეეხება პლაჟის დასუფთავებას, ვერ იტყვით იმას, რომ ის ტექნიკა რომელიც ჩამოვიტანეთ, არ გამოგვიყენებია. უბრალოდ გვიან ჩამოვიდა, ეს მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლის მოწესრიგებისთვის, ეს არის გათვლილი 18 კილომეტრის მანძილზე, შეკვეთილიდან გრიგოლეთის მიმართულებით. პირველი მაისიდან დაიწყებს ტექნიკა ისევ მუშაობას, ამავდროულად იმუშავებს 4 ერთეული ტრაქტორიც . 2015 წელს ისეთი დასუფთავებული იყო ურეკის ტერიტორია, არასდროს რომ არ ყოფილა, ამის თქმა თამამად შემიძლია. ზამთრის პერიოდში კი რეგულარულად ვერ მოხერხდება დასუფთავება.
2015 წელს დავასრულეთ ერთი სტადიონის გაკეთება. ტერიტორია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, თუ სამინისტრო გადმოსცემს მუნიციპალიტეტის გამგეობას, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვახორციელოთ ნებისმიერი სამუშაო. ყველანაირად ვეცდებით, რომ გავაკეთოთ. ამბულატორიასთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას, 2016 წლის პირველ ნახევარში ურეკელებს ექნებათ კარგი ამბულატორია"_ განაცხადა გამგებელმა.