დილიდან გადაუღებლად თოვს ოზურგეთში. ბათუმი-ოზურგეთის ცენტრალური გზის მონაკვეთზე, კერძოდ, გურია-აჭარის საზღვარზე, სოფელ ლეღვასთან ამ დროისთვის საცობია და მანქანებს გადაადგილება უჭირთ. როგორც აჭარიდან მომავალი მძღოლები ამბობენ, ამ დრომდე გზა გაწმენდილი არ არის და ძლივს გამოაღწიეს.
"ორშაბათი თენდება. სამუშაო დღეა. ასეც რომ არ იყოს, ცენტრალური ტრასა რომ დილის საათებში გაწმენდლი არ არის, რა ხდება, უპასუხისმგებლობის რა ხარისხია?" _ გვეუბნებიან ბათუმიდან მომავალი ავტომობილების მძღოლები.
ოზურგეთში ამ დროისთვის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოძრაობა არ შეჩერებულა. სოფლებში, კონკრეტულად ჭანიეთსა და ქაქუთში დილით ადრე ელექტროენერგია გამოირთო. მოსახლეობა გზებზე, ჯერჯერობით, მაღალი გამავლობის საკუთარი მანქანებით ან ფეხით გადაადგილდება.
ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს. წელს ეს მეორე უხვთოვლობაა .