ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი ა(ა)იპი _ "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა" შექმნა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ახალი ორგანიზაცია მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ "მოემსახუროს მხატვრებს, მოქანდაკეებს, ფოტოგრაფებს, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ტრადიციული და მულტიმედიური მიმართულებების მიმდინარეობებს."
_ ხელოვანებს შეეძლებათ მიმართონ გალერეას საინტერესო პროექტებით და საუკეთესო შემოთავაზებები გამოიფინება. გალერეა ორგანიზებას გაუკეთებს კონკურსებსა და მასტერკლასებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
მისივე თქმით, "გალერეის დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბება (იგი აქამდე სამხატვრო სკოლის ნაწილი იყო) განაპირობა იმან, რომ როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს გრანტები, ითანამშრომლოს სხვა ანალოგიურ დაწესებულებებთან, რაც სამხატვრო სკოლის ქოლგის ქვეშ შეუძლებელია, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეს საკანონმდებლო შესაძლებლობები არ გააჩნიათ."
"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეის" დირექტორად გურამ ბერძენიშვილი დაინიშნა.
გამგებლის თქმით, ბერძენიშვილმა "თითქმის ერთი წლის წინ წარმოადგინა შესაბამისი კონცეფცია. იგი ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანია".
ახალი სამსახური პროკურატურის ყოფილ შენობაში განთავსდა, რომელსაც რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.
_ საგამოფენო სივრცე და ინფრასტრუქტურა მზადაა და მალე ოფიციალურად გავხსნით, _ დასძინა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა.