გურიაში დიდთოვლობას ებრძვიან. მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. სოფლებთან დამაკავშირებელი გზებიც ინტენსიურად იწმინდება.
_ სამწუხაროდ, გურიის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 2400-მდე აბონენტს, თუმცა, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მობილიზებულია დაახლოებით 25-მდე ერთეული ტექნიკა. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. გზებზე იყრება მარილი.
მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას.
ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და მეზობელ რეგიონებთან. სამეგრელოს გუბერნიიდან უახლოეს საათებში სამხიდიანი გრეიდერი შემოვა, _ აღნიშნულია გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის კომენტარში, რომელიც გუბერნიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.
გურიაში ამ წუთებშიც თოვს და მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
გუბერნიაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გურიის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით შტაბი 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მოქმედებს ცხელი ხაზი – ტელ: (0496)27 – 58 – 81; 595 59 – 77 – 70. შტაბს კოორდინაცია აქვს "ენერგო – პრო ჯორჯიას," ,,წყალმომარაგების კომპანიისა“ და "სოკარ გაზის" შტაბებთან.





























































