"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე გურიის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
"ახალი წლის დღეებში მოსული უხვი ნალექი, ჩაკეტილი გზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლები არ აღმოჩნდა საკმარისი მაგალითი ოზურგეთის უუნარო ხელისუფლებისთვის, რომ ამ ეტაპზე მაინც შეხვედროდნენ უამინდობას მომზადებული.
საკმარისია 20 სმ თოვლი მოვიდეს და მთელი რაიონი პარალიზებული ხდება, ამ დრომდე 12 სოფელი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე. ასევე უხვი ნალექისგან საავტომობილო გზები გაუწმენდავია დაბა ლაითურში, სადაც არის ორი მიცვალებული. ხოლო იმ სოფლებში სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, მხოლოდ ცენტრამდე მისასვლელი გზაა გაწმენდილი და სრულად არის პარალიზებული ტერიტორიული ერთეულების შიდა გზები." – აცხადება დავით მჟავანაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, კონკრეტულად კი ოზურგეთის გამგებელის მერაბ ჭანუყვაძის განმარტებით, გზების გაწმენდა სოფლებამდე ინტენსიურად მიმდინარეობს.
"მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოახდენს გზების გაწმენდას. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ოზურგეთში ისევ თოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს." – აცხადებს მერაბ ჭანუყვაძე.




































































