5 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმის, გუთურისა და ქვენობნის მოსახლეობას “ახალი მემარჯვენეების” გურიის რეგიონის კოორდინატორი, ლევან კალანდაძე შეხვდა. კალანდაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის მიზნები გააცნო.
_ ბოლო ერთი თვეა, “ახალი მემარჯვენეები” გავდივართ სოფლებში, ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათი პრობლემების შესახებ და ჩვენი პარტიის პრინციპებს ვაცნობთ მათ. გვინდა, გავიგოთ მათი აზრი. ყველაზე შედეგიანი ის არის, როცა კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ პრობლემაზე ესაუბრები, პრობლემაზე, რომელიც მას აწუხებს. ძალიან ბევრ სოფელში ვიყავით და ყველგან რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა: საწვავის და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატების სიძვირე, სოფლების უმეტესობაში არ არის ტრაქტორი. პრობლემაა ინფრასტრუქტურა და სოციალური პირობები _ ვგულისხმობ იმას, რომ სოფლების უმეტესობას სასმელი წყალი არ აქვს. არის უმწეობის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები _ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს შეუწყდა დახმარება, შესაბამისად, სადაზღვევო პოლისებიც უუქმდებათ, წარსულში შეძენილი ავეჯის გამო, უმწეობის სტატუსს უხსნიან. ჩვენი აზრით, ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ხელისუფლებამ ეკონომია უნდა გააკეთოს, _ გვითხრა კალანდაძემ.