რამდენიმე საათია ლანჩხუთში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი რიგ სოფლებში ერთ მეტრამდე აღწევს. ფაქტობრივად მთელი მუნიციპალიტეტი პარალიზებულია. სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, უჭირს მოძრაობა ტრანსპორტს, კანტი-კუნტად დადიან ქვეითად მოსიარულეები. ზოგ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გაუწმენდავია სოფლებისა და ქალაქის ქუჩები, დათოვლილია ცენტრალური მაგისტრალიც, სადაც დილით კი გაიარა "გრეიდერმა", მაგრამ ინტენსიური თოვის გამო, გზა ისევ დათოვლილია.
მძიმე მდგომარეობაა მაღალმთიან სოფლებში, თუმცა, გამგეობის ოფიციალური ინფორმაციით, გადაუღებელი თოვლის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოპერატიული შტაბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. დღეს დილიდან კი ტექნიკა გასულია და მუშაობს ნიგვზიანის, ლესის, ჩოჩხათის, აცანის, მამათის, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში,სადაც მიმდინარეობს გზის გაწმედითი სამუშაოები. გამგეობა ირწმუნება, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქისა და სოფლების შიდა გზები გაუწმენდავია. ქალაქში კი გამოჩნდა ერთი ტრაქტორი, რომელმაც დაიწყო გზების გაწმენდა, მაგრამ ჯერაც რთული მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ჯერ არ განხორციელებულა გაწმენდითი სამუშაოები .
ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობა სოფლებში უკმაყოფილებას გამოთქვამს არსებული მდგომარეობის გამო და ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებას თხოვს. მაგალითისთვის ჩოჩხათის თემის სოფელ შრომისუბნის მცხოვრებთა თქმით, სოფელში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს, გზები კი გაუწმენდავია და მოძრაობა პარალიზებულია. საკრებულოს დეპუტატი, ნონა მურვანიძე ხაზს უსვამს, რომ უამინდობა წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მას მაინც მოუმზადებელი შეხვდა. ფაქტია ისიც, რომ არ არის საკმარისი ტექნიკა, რომელიც ამ მოზღვავებულ პრობლემებს ეფექტურად და სწრაფად გადაჭრის.
ჩვენთან საუბარში ქალაქის მაცხოვრებლებმა, უკმაყოფილება ვერ დამალეს. "ნახეთ რა ხდება, ცენტრი რა მდგომარეობაშია, გამგეობის წინაც გაუწმენდავია და შიდა გზებს ვინ ჩივის, მითუმეტეს სოფლებზე ხომ საუბარი ზედმეტია" – აცხადებენ ისინი.
13 საათისთვის ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება აცანის, მამათის, აკეთისა და ჯურუყვეთის მოსახლეობის ნაწილს. "ენერგოპრო ჯორჯიას" ლანჩხუთის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერის, ოლეგ იმნაიშვილის თქმით, ის ვერ დააკონკრეტებს თუ სად რა პრობლემა. "ენერგეტიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად." – გაგვიცხადა მან.































































