ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საბავშვო ბაღის მენეჯერმა, ნაირა ლომთათიძემ დაკავებული თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გასულ კვირას დატოვა. იგი ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად იმუშავებს.
ლომთათიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, იგი თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყოფს: “ვცხოვრობ ქალაქში და ეს გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გამო მივიღე, როცა გავიგე, ვაკანსია იყო ქალაქის საბავშვო ბაღში. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ არავის გავუთავისუფლებივარ, არაფერი დამიშავებია და შეხება არ მაქვს პოლიტიკასთან _ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ”, _ აღნიშნა მან.
ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, მაკა ჭყონია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ჭორია, რითაც ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ: “თუ მელექედურის საბავშვო ბაღში ქალბატონი ნაირა ოპოზიციურად განწყობილი იყო, ქალაქის მეორე ბაღში გადმოსვლის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა? არალოგიკურად არ გეჩვენებათ? ადამიანები ხშირად იგონებენ ჭორებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ცენტრს, რომელსაც 500-მდე თანამშრომელი ჰყავს, საკადრო ცვლილებები განახორციელოს, როგორც არასაარჩევნო, ისე საარჩევნო წელს და ამ თემით აპელირება, უბრალოდ, არგუმენტს მოკლებულია”, _ გვითხრა სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, მაკა ჭყონიამ.