"გურიაში საგანგებო შტაბის ორდღიანი საოცნებო წარმატებული მუშაობის შედეგი, გაუწმენდელია ყველა დონის გზა, ჩაშლილია სასწავლო პროცესი, ელექტროენერგიის მოწოდებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, გამოსავალი მხოლოდ ერთია, უნაროო ოცნების ხელისუფლება უნდა დასრულდეს!" – ასე აფასებს გურიის ხელისუფლებას "თავისუფალი ზონის" წევრი, ბესო ქათამიძე.
დიდთოვლობის დროს შექმნილ პრობლემებზე სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთი ნაწილი წერს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სოფელში და ქალაქში პრობლემებია და ხელისუფლება ვერ ახერხებს დროზე გაიწმინდოს გზები და მოსახლეობას მიეწოდოს შუქი.
"გურიის გუბერნატორს! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს! ნახევარი მეტრი თოვლის გამო, რომ პარალიზებული იქნება სოფლები სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თანამდებობებზე დარჩენის მორალური უფლება აღარ გაქვთ." – ამბობს “ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია შარაშენიძე.
გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე ოპოზიციას პასუხობს, რომ დაესწროს შტაბის შეხვედრებს და მიიღოს ყველა ინფორმაცია, რა კეთდება გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის დროს.
" ჩვენ უნიათოებს და უუნაროებს გვიწოდებდნენ, თვითონ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ. დროულად, რომ ყოფილიყო გაკეთებული ის საქმეები და ღონისძიებები, არ გვექნებოდა ის შედეგები, რაც ბოლო წლებში დაფიქსირდა. მათი საქმეა კრიტიკა და ჩვენი საქმეა საქმის კეთება. რაც შეეხება დიდთოვლობას, ოპოზიციის საქმე არის ის, რომ მოიხელთოს დრო და აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, სწორედ ამას ვაკეთებდით, მაგრამ ბევრად უფრო საქმიანად."- ამბობს სალუქვაძე.
მისივე თქმით, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრსაც მიაღწია. სტიქიის წინაშე უძლურია ადამიანი, მაგრამ ძალიან აქტიურად არის ჩართული პრობლემის მოგვარებაში ოთხივე მუნიციპალიტეტი და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
"მესმის, რომ გაწუხებთ უშუქობა და ეს პრობლემა, რომ დროულად მოგვარდეს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჩვენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი, სადაც შევთანხმდით 10 დღეში კონკრეტული წინადადებებით მივმართავთ და ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რაც მოსახლეობას აწუხებს.
რაც შეეხება გარდაცვლილების საკითხს, ყველას ვთხოვთ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ჩვენ რა თქმა, უნდა ვიღებთ ინფორმაციას და სადაც კი გზის პრობლემაა, ყველგან მიდის ტექნიკა და სასაფლაომდე გზა იწმინდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩვენთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება.
თოვლი იყო 200-300 წლის წინათ და არ იყო სპეცტექნიკა, მაგრამ ადამიანები ვახერხებთ ყველა სირთულის გადალახვას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ არის ზღვრული შესაძლებლობა, რომლის იქითაც უბრალოდ, სტიქიასთან ბრძოლა ძნელია.
მე ბოდიში მინდა მოვუხადო გურიის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი პრობლემების გამო, თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ კეთდება მაქსიმუმი, ყველა პრობლემა დროულად იქნას აღმოფხვრილი." -თქვა ჩვენთან საუბრის დროს გია სალუქვაძემ.




































































