გურიაში წუხელაც თოვდა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში.
ქალაქ ოზურგეთში ა.ა.(ი)პ. “ოზურგეთის სერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი სამუშაო ჯგუფთან ერთად გზის გაწმენდით სამუშაოებს პირადად ახორციელებდა და ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი გურიის რეგიონში იმყოფებოდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას აკვირდებოდა.
მთელი ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იყო 45 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტში წმენდდა გზებს.
წუხანდელი ინფორმაციით გურიაში 5000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
ოთხივე მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამ დრომდე საგანგებო რეჟიმზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო. საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ბევრ ადამიანსაც დაეხმარნენ.
ფოტოები მოგვაწოდა ქალაქ ოზურგეთის მერიის და გურიის გუბერნატორის პრესსამსახურებმა.