ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მთელი დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. 1700 აბონენტი, რომელთა უმრავლესობას გათბობა გაზზე აქვს ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ:
_ საქართველოს ხელისუფლება ჰყავს? იციან, რომ არსებობს ასეთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჩოხატაური ჰქვია და სადაც ხალხი სიცივისგან იყინება?! გაიძახიან სტიქიააო. ამათთვის სულ სტიქიაა. თოვლი რომ მოვიდოდა ხომ იცოდნენ. ყინვაც წინასწარ იყო ნაანონსებული. აღარ ვიცით ვის მივამრთოთ. გთხოვთ თქვენ მაინც მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, რომ ვიყინებით, _ ამ შინაარსის კომენტარებით "გურია ნიუსს" ასობით მკითხველი უკავშირდება.
"სოკარ გაზის" ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელის გია სიხარულიძის თქმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაზიანებული ადგილების ძიება ამ წუტებში მიმდინარეობს.
_ მთელი დღეა ვმუშაობთ. სამწუხაროდ, რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული. ამ წუთებში მდინარეში ვეძებთ დაზიანებას, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც ამ დროისთვის არა აქვს ინფორმაცია როდის აღუდგება ჩოხატაურს ბუნებრივი აირის მიწოდება.
“გურია ნიუსი“ ყველა მოქალაქეს სთხოვს, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ! მუდამ თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენი “ცხელი ტელეფონია“ 557 10 02 41!