ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც "გურია ნიუსს" აცნობეს, სამებიდან სოფელ ვანზომლეთისკენ მიმავალ გზაზე თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია და მოსახლეობა საკუთარი ძალებით გაწმენდას ვერ ახერხებს.
"ცენტრალური გზები გაწმინდეს, მაგრამ სოფლებისან მოსახლეობა მაინც ვერ ახერხებს გამოსვლას. სამებიდან ვანზომლეთისკენ მიმავალი გზა გასაწმენდია. მანქანა ჩაგვრჩა და გამოსვლას ვერ ვახერხებთ. იქნებ ტრაქტორი გამოაგზავნონ და დაგვეხმარონ", _ გვითხრა სოფელ სამების მკვიდრმა მარინა სეხნიაშვილმა.
"გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვანზომლეთის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
"ტრაქტორი ამ წუთებში სოფელ ვანში იმყოფება და მალე გადავა ვანზომლეთში. მთელი დღეა ამ მიმართულებით მუშაობს ტექნიკა. რაც შეეხება კონკერტულა პრობლემას, თუ ვინმეს თოვლში მანქანა ჩარჩა, სამაშველოს სამსახურს დაუკავშირდეს" _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!