სემეკ-მა მოქალაქეებს 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
"ტრადიციულად, მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა და ძირითადად მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 216 048 ლარი შეადგინა", _ ნათქვამია განცხადებაში.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე – 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.