ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების საკითხის მოგვარება ჯერჯერობით კვლავ შეუძლებელია.
როგორც "გურია ნიუსს" გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში უთხრეს, როდის აღდგება გაზმომარაგება უცნობია.
მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ბრიგადები გაუჩერებლად მუშაობენ. ძალიან მიჭირს იმის თქმა,როდის აღდგება გაზმომარაგება. მაქსიმალურად მოკლე ვადაში ვცდილობთ აღვადგინოთ მიწოდება. ყველა ბრიგადა გურიაშია გადასროლილი, მუდმივად კონტაქტზე ვართ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ. უმძიმესი მდგომარეობაა თოვლის გამო, ფიზიკურად ძალიან უჭირთ ჩვენს თანამშრომლებს მუშაობა", _ უთხრეს "გურია ნიუსს" გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანია შუადღისას ვარაუდობდა, რომ გაზმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში შეძლებდა.
"გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება აღდგება უახლოეს საათებში", _ აღნიშნავდნენ კომპანიაში.
ამავე თემაზე:
"ვიყინებით _ აღარ ვიცით ვის მივმართოთ" _ 1700 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი