ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კანდიდატურის _ კოტე შარაშენიძის დანიშვნამ, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები გაანაწყენა. წყარო ამტკიცებს, რომ ამის გამო, “გაერთიანებული დემოკრატების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თემურ სალუქვაძე, ხვალ კოალიციის ოფისის გახსნას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, სალუქვაძე, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ამბობს, რომ თუ ოფისის გახსნაზე ვერ ჩამოვიდა, ეს ფაქტი მის განაწყენებას არ უნდა დავუკავშიროთ.
_ ბატონო თემურ, ჩვენი ინფორმაციით კოტე შარაშენიძის დანიშვნის გამო, თქვენ განაწყენებული ხართ და ხვალ “ქართული ოცნების” ოფისი გახსნაზე დასწრებას არ აპირებთ….
_ არ არის სწორი ეს ინფორმაცია. რას ჰქვია განაწყენებული ვარ?!
_ თქვენთვის მისაღებია შარაშენიძის კანდიდატურა?
_ ჩვენ, ვინც პოლიტიკაში სერიოზულად ვართ ჩართული, თავს არ ვაძლევთ იმის უფლებას, რამეზე განაწყენებული ვიყოთ, ვართ საერთო ბრძოლაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტრიალებდა თემა ჩვენს დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და პირადად მე, არავისგან არსად დანიშვნას არ ველოდებოდით და არც ველოდებით. ჩვენ პოლიტიკაში ვართ, სადაც პოლიტიკური ფიგურები იქმნებიან და არ ინიშნებიან.
_ მოგწონთ შარაშენიძის კანდიდატურა?
_ ეს არის ზემდგომის გადაწყვეტილება. კოტეს ვიცნობ, ოზურგეთელი ბიჭია, მაგრამ მართალი გითხრათ, მის მუშაობას არ ვიცნობ, არ მისაუბრია მის გეგმებზე და მიზნებზე. როცა შევხვდები, დაველაპარაკები.
_ იცით, რომ ის ადიკო ივანიშვილის კადრია?
_ არ ვიცი, არა ვარ მასე ღრმად ჩახედული.
_ ბატონმა ადიკომ ეს ჩვენთან საუბრისას დაადასტურა…
_ მე არაფერი ვიცოდი…
_ ხვალ ოფისის გახსნაზე იქნებით?
_ რა თქმა უნდა. უფრო სწორად, თუ რაიმემ ხელი არ შემიშალა, თუმცა, ჩემი შესაძლო ვერჩამოსვლა არანაირად არ უკავშირდება განაწყენებას და პროტესტს. ჩვენ ისეთ ბრძოლაში ვართ, რომ არ გვაქვს განაწყენების, ემოციებით მოქმედების უფლება _ ეს მიუღებელია პოლიტიკისთვის. ვგეგმავ წამოსვლას, მაგრამ შეიძლება რაღაც მოხდეს და მინდა იცოდეთ, რომ ეს არ უკავშირდება იმ მომენტს, რაც თქვენ მკითხეთ.