თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.
ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს.
გამაგრდა ფუნდამენტი; სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა; განახლდა და პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა-ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო;
დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით;
სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს; რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100-ნათურიან ბროლის ჭაღს; თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი; თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე;
მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი; თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო; გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს; სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.
დღეს უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.
განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის ამსახველი ფოტომასალა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.