_ საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრი, აქტიურად მონაწილეობს გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
_ საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა და დაამტკიცა მსოფლიო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი.
_ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნებაყოფლობით, ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით, პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
_გარდა ამისა, ქართველი სამხედროები გადიან გადასროლისწინა მომზადებას და ნატოს წევრი ქვეყნების ინსტრუქტაჟით მაღალი დონის წვრთნებში მონაწილეობენ. დღეისათვის 12000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ შესაბამისი წვრთნები გაიარა და ავღანეთში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ოპერაციაში (IშAF) მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი ნატოსთან თავსებადობის მაღალი დონით სარგებლობს, რაც ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.
_ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებთან არ ხორციელდება. რადიკალური ისლამისტური ძალები, რელიგიის ფასადს ამოფარებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დგანან და დასავლეთის ღირებულებებს ებრძვიან. აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიციითა და გაერთიანებული ქმედებებით არის შესაძლებელი.
_ ნატოს ISAF-ის ოპერაცია ავღანეთში ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მისიას წარმოადგენდა. დღეს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
_ საქართველო, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ნათლად ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, ამავდროულად იცავს საქართველოს უსაფრთხოებას.
(R)