შსს-ს მაშველებმა უშგულში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი კინემატოგრაფისტთა 30 კაციანი ჯგუფის წევრები გამოიყვანეს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, გადამღებმა ჯგუფმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და დახმარება ითხოვა:
"სამწუხაროდ, გადავაწყდით ადგილობრივი ხელისუფლების აბსოლუტურ უპასუხისმგებლობას და გულგრილობას ჩვენი და ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ. 1 წლის მძიმედ მყოფი ბავშვი გიორგი ჩარქსელიანი (რომელსაც მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა და გერმანიაში უწევთ მისი გადაყვანა, თუმცა, უსახსრობის გამო ჯერ საქართველოშია), უშგულიდან ცხენით გადაიყვანეს ზვავებში. შემდგომ ბატონმა ილო გერლიანმა უზრუნველყო მისი მესტიაში გადაყვანა, რომ გადაერჩინა.
ფილმს მინუს 35 გრადუსში ვიღებდით და ჯგუფის ყველა წევრმა გადაიტანა ვირუსის მძიმე ფორმა, ამოიწურა წამლების მარაგი.
ჩაკეტილ და მიგდებულ სოფელს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებით ცხოვრობენ, არ გააჩნია არანაირი წამლის რესურსი.
შევახსენებ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს ფილმი სვანურ კულტურას და ენას მსოფლიოს გააცნობს და ვალდებულები არიან, ყველანაირად დაგვეხმარონ.
მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, აღმოგვიჩინოს დახმარება!" _ აღნიშნული იყო განცხადებაში.
ამ განცხადებას გამოეხმაურა მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და აღნიშნა, რომ გადამღები ჯგუფი ყურადღების გარეშე არავის დაუტოვებია:
"არაფერი ჭირს "დედეს" გადამღებ ჯგუფს, ერთ მათგანს აქვს სიცხე. სახლში უნდათ წასვლა და ამისთვის ყველაფერი არ უნდა მოიგონონ. გვშია, გვწყურიაო, წამლები არ გვაქვსო. მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს.
გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვების და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს" _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჟორჟოლიანმა.
მესტიის გამგებლის კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებიათ გადამღები ჯგუფის წევრებს. ფილმ "დედეს" პროდიუსერის, ვლადიმერ კაჭარავას თქმით, თბილისში ჩამოსვლისთანავე პრესკონფერენციას გამართავს და ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრებს:
_ როგორც კი ჩამოვალთ თბილისში, ვაპირებთ პრესკონფერენციის ჩატარებას. მესტიის გამგებელის თქმით, ჩვენ ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ და მან გამოგვიყვანა მატყუარებად. კითხვები გვაქვს, რა ევალება გამგებელს?
ევალება თუ არა, რომ სოფელი არ იყოს მოწყვეტილი გარესამყაროს? გამგებელი ამბობს, რომ დევის უღელტეხილი ჩაკეტილია, ეს ყოველ წელს ხდება, უნიკალური ამბავი არ არის. ტრაქტორი უნდა იყოს გამართული და დროულად უნდა გვარდებოდეს ის პრობლემები, რაც ხალხს ეხება, _ თქვა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ კაჭარავამ.